მე, ეკლესია, სოკრატე და კიდევ ბევრი რამ

მე ლიბერასტს მიწოდებენ…

ჩემით არ ამაყობს უფროსი და…

უფრო უფროსი შედარებით ლმობიერია…

დედას ვუყვარვარ…

მამა ინდიფერენტულია…

არ იყო ცოტა დრო, როდესაც თავს ეკლესიის წევრად მივიჩნევდი. ეკლესიაც მიმიჩნევდა შვილად და ვცხოვრობდით ასე ტკბილად და ფარისევლურად.

ქალი შემხვდა ცხოვრებაში: ჭკვიანი და სანდო.არავის უყვარდა – ჩემს გარდა. მაძალებდა წამეკითხა ყველაფერი, ყველგან და ყოველთვის. ასე შემომაჩეჩა სოკრატე – მაშინ, ჯერ კიდევ, ბავშვს.

იქ ეწერა, გონება გაქვსო – ამბების საზომი. არაფერს დაუჯერო ისე, თუ მისი განსჯის წნეხში არ გაატარეო. დავუჯერე სოკრატეს და მაშინ ამებნა გზა-კვალი.

დღეს ლიბერასტს მიწოდებენ…

უფროსმა დამ მითხრა, მრცხვენია შენიო…

უფრო უფროსმა მას უთხრა – ასე ნუ ამბობო…

დედას ვუყვარვარ…

მამა ინდიფერენტულია…

958430_10152234870456777_1106814557_o

ამბავი I

კითხვები

ბარემ ვიტყვი: არ ვარ ათეისტი. უფრო სწორად, მეგონა – ვიყავი. მივხვდი, ასეთად თავის ჩასათვლელად საჭიროა იცოდე ბევრი, ან იყო უვიცი. მე სადღაც შუაში ვარ. ჰოდა ვამბობდი დასაწყისშივე, ვცხოვრობდით ფარისევლურად მე და ეკლესია. ვხედავდი მღვდლებს და ვხედავდი მრევლს. ვსწავლობდი დოგმებს და ვასრულებდი მათ. ვკითხულობდი ზერელედ ლოცვებს და ასევე ზერელედ ვეზიარებოდი. აღსარებებსაც ვამბობდი და ანაფორის კალთებზეც ვახლიდი თავს – ბავშვი ვიყავი. მერე სოკრატემ მითხრა, კითხვები დასვიო. წინადადებებს გეტყვიან ადამიანები ისე, რომ არ იქნებიან დარწმუნებულნი მათ სიმართლეშიო. გაიაზრე და ისე არ მიუშვა გულთანო. ნეტავ დამხშოდა გონება. იამაყებდა ჩემით უფროსი და…

კითხვები არ უყვარს ეკლესიას – გიბრაზდებიან. ამას არავინ გეტყვის პირდაპირ – ეს უნდა იგრძნო. ზიზღი უნდა იგრძნო და აგრესია კიდევ. თითქოსდა კითხვით შეურაცხყოფ ღვთით დასმულ მოძღვარს. ერთ კითხვას კიდევ არაუშავს. მაგრამ თუ პასუხად ხშირად მიღებულ დემაგოგიას თავისი სახელი დაარქვი და ბეცი თვალებით თავი არ აქნიე, თუკი გაგიჩნდა მეორე კითხვა და არც ის დააკავე კბილებით შენით, მკრეხელობო – გეტყვიან.

თუკი პასუხი არ გაგცეს და გამოცდილი პოლიტიკოსივით, თავს აარიდებენ მოსაყოლ ამბავს… და თუკი იტყვი, რომ ეს მღვდელი იმას არ ამბობს, რასაც ელოდი, ჯერ შემოგხედავენ – ფარული ღრენით. შემდეგ გეტყვიან, სულიწმინდა საუბრობს მისი პირითო. თუკი არ დადუმდები, ხელსაც დაგადებენ სადმე, ძლიერად, ღმერთის სახელით.

უფროსი და იტყვის – ღირსიაო…

უფრო უფროსი – გაჩუმდება…

დედას მაინც ვეყვარები…

მამა ამას ვერ ნახავს…

ამბავი II

განკითხვა

მღვდელს ნუ განიკითხავო – მეუბნებიან.არადა როდის?! აზრადაც არ მომსვლია. ვამხილო, მინდა – მაგრამ, როგორ?

უკეთუ ძმა შენი შესცოდავს, უნდა ამხილო; თუ არ შეისმენს, მაშინ მისი მხილება ორის ან სამის თანდასწრებით უნდა მოხდეს. თუ ამ შემთხვევაშიც არ ისმინა, მაშინ მხილება მოძღვრისა და ეკლესიის წინაშეა საჭირო, ხოლო უკეთუ ეკლესიისაც არ ისმინა, მაშინ იყოს იგი ვითარცა წარმართი (მათე 18, 15-17)

ხედავთ? ეკლესია სულ ზემოთაა. უზენაესია – სასამართლო. ის უცდომელია და ფარისევლობენ, როდესაც ძველი ამბით, რომის პაპის უცოდველად გამოცხადებით მანიპულირებენ. როდესაც ამბობენ, რომ კათოლიკები მწვალებლები არიან და ისინი თხასა და ადამიანს ერთად ნათლავენ ხანდახან.

გამოცხადებით თუ მის გარეშე, მღვდლის სიტყვა ღმერთის სიტყვასთანაა გაიგივებული. და მე ვინ მომცა უფლება მას შევეწინააღმდეგო…

ასე გამოდის – განვიკითხავ. დაე

იფიქროს უფროსმა დამ ასე…

უფრო უფროსიც დაეთანხმოს…

დედას მაინც ვეყვარები…

მამასაც!

ამბავი III

მახვილი

მახვილი ადრე იყო. ახლა ჭინჭარია… და კიდევ სკამი – ხის. რწმენას, ღმერთს და შთამომავლობას გვიბილწავენო. რა დროს ლოცვაა ძმებო და შვილებო, ყველანი ქუჩაში, ძალა ვაჩვენოთ მწვალებლებსო.

ასე იყო პირველად, “სიონთან” ახლოს რომ ცხვირიდან სისხლი ადინეს “გარყვნილი” ზეიმის მონაწილეებს. შემდეგ იყო ცოდვილი წიგნები (“ჰარი პოტერი”, “და ვინჩის კოდი”, “საიდუმლო სირობა”…), ცოდვილი ფილმები (“ქრისტეს ვნებანი”…) ცოდვილი ტელევიზიები (“პირველი არხი”, “რუსთავი 2”, “კავკასია”…), ცოდვილი შეკრებები (2012 წლის 17 მაისი; 2012 წლის 18 მაისი; 2013 წლის 17 მაისი…) და ცოდვილი არჩევნებიც კი (2012 წლის 1-ლი ოქტომბერი). იმის ნაცვლად, რომ ლოცვით, სიყვარულით, სათნოებითა და მეტი ინფორმაციის გაცვლით გადაეწყვიტა საზოგადოებას რა მიეღო და რა არა, მახვილი აიღეს მღვდლებმა ხელში და ქრისტეს სიტყვები კი დაივიწყეს: “ყოველთა, რომელთა აღიღონ მახვილი, მახვილითა წარჰსწყდმნენ. (მათე 26, 45-56)

მერე ამბობდნენ, ნიშნისმოგებით, იარეთ, იარეთ აქციაზე და იძახეთ: “არა ძალადობასო”… ჩვენს გვერდით ქართველი ხალხიაო, თითქოს მე ტაჯიკი ვიყო…

უფროსი და ამბობს, ნახე რა ბიჭები გვყავს, როგორ დასდევენ ურწმუნოებსო?! …

უფრო უფროსიც ეთანხმება…

დედაც ეთანხმება და ეს მწყინს…

მამა რას ფიქრობს, არ ვიცი…

ამბავი IV

ცოდნა

ზემოთ ვთქვი, კითხვები არ უყვარს ეკლესიას-მეთქი.

ახლაც ასე ვფიქრობ…

არადა მათ გარეშე არ წარმომიდგენია ჯანმრთელი აზრი…

ისიც ვთქვი ეკლესია სასამართლოა – უზენაესი და თუნდაც უთქმელად, ის უცდომელად ითვლება. მღვდლის პირით სულიწმინდა ლაპარაკობს და არ გვაქვს უფლება უსუსური კითხვებით შევბღალოთ იგი.

მრევლს ეუბნებიან, იატაკი სქელი ხის უნდა იყოს, ლამინატი ცოდვააო… გამოიცანით რას აკეთებს მრევლი?! აყრის ცოდვილ ფანერებს და დააგებს პარკეტს. და იქნება ბედნიერი… არავინ იკითხავს – რატომ?! იკითხავს და, “ნუ მკრეხელობო” – უპასუხებენ.

მერე გვიკვირს ჩვენ, ვისაც “ლიბერასტებს” გვიწოდებენ, რატომ აქვს ყველა მორწმუნეს სახლში პარკეტი…

ამბავი გამახსენდა ერთი. უნდა მოგიყვეთ. 21-ე საუკუნის გარიჟრაჟი იყო. Odnoklassniki  შემოგვეჩვია ქართველ ხალხს. ეს ის დროა, როდესაც ჯერ კიდევ ვფარისევლობდით მეც და ეკლესიაც. მღვდელი ამბობდა, ცოდვაა მანდ შესვლა, აღსარებაში მომიყევითო. იყვნენ ასე, ტელეფონის ამარად დარჩენილნი მრევლის წევრები. არადა უფრო ადრე მახსოვს, ამბობდნენ, SIM ბარათებზე სამი ექვსიანია გამოსახული და არ გამოიყენოთო. ეს ძველი ამბავია, თუმცა ახლა მეცინება, როდესაც მღვდლები “სტრელკას” Facebook-ით მინიშნავენ.

ჰოდა არ იცოდნენ რა იყო სოციალური ქსელი, ტელეფონი, უფრო ადრე ველოსიპედი და ბორბალი. ეკლესიას ეშინია ყველაფრის ახლის და ფიქრობს, რომ ეშმაკი ებრძვის ID ბარათებით. არავინ სვამს კითხვებს: როგორ? რატომ?

ცოცხალი ვიქნები მეც და თქვენც, როდესაც მღვდლები დაივიწყებენ იმას, რასაც ამბობენ დღეს და უემოციოდ გაუწვდიან “მხეცის ნიშანს” ბანკის მოლარეს, მიღებული შესაწირის გასანაღდებლად.

უფროსი და დაივიწყებს დღევანდელ ბრძოლებს…

უფრო უფროსიც მიყვება თან…

დედა არც ახლა იბრძვის…

არც მამა…

ამბავი V

მე

ჰოდა მაშინ, როდესაც უფროსმა დამ მითხრა, მრცხვენია შენიო. როდესაც თავი შეიჩვენა იმისათვის, რომ სალმით მხვდება და ხანდახან ჩემთან ერთად ტრაპეზობს, როდესაც მითხრა, რომ წესით სახლში არ უნდა მიშვებდეს, იმიტომ რომ მე ცოდვაში ვცხოვრობ, როდესაც მეც აღარ დავდუმდი და ყველაფერი ეს, რაც აქ დავწერე, პირით ვუთხარი, მითხრა ნათესავმა ჩემმა: ჩემს მოძღვართან წამოდიო. კარგი გოგოა, მე მიყვარს ის. მიყვარს ჩემი დაც… უფრო უფროსიც…

დღეს კიდევ ერთხელ დამირეკა და შემახსენა, რომ ეკლესიის კარი ჩემთვის ყოველთვის ღიაა. რომ მისი მოძღვარი ყოველთვის მზადაა მომისმინოს და მიმიღოს. რომ ადამიანები მასწავლებლებს მთელ ცხოვრებას ეძებენ ხანდახან.

მე მაქვს იმედი, ვიპოვი. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ვიყო მზად მივიდე დღესვე ეკლესიაში. არ ვფიქრობ, რომ მზადაა ეკლესია მიმიღოს დღესვე თავის წიაღში. არ ვფიქრობ, რომ ფარისევლობის გარეშე მისულ ჩემს თავს ჩაიხუტებს რომელიმე ანაფორიანი კაცი და იტყვის: “უძღები შვილი მოვიდა…”

ვფიქრობ გავივლი ყველაფერს თავიდან. ვფიქრობ უაზროდ დავკარგავთ ერთურთის დროს. ვფიქრობ ლოცვებში ვერ ვიპოვი სულის სიმშვიდეს და კიდევ ერთხელ დავწერ, რომ დღეს

უფროსმა დამ მითხრა, შენი მრცხვენიაო…

უფრო უფროსმა მას უთხრა – ასე ნუ ამბობო…

დედას ვუყვარვარ…

მამა ინდიფერენტულია…

    • vakhoQ
    • June 17th, 2013

    “მე მაქვს იმედი, ვიპოვი. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ვიყო მზად მივიდე დღესვე ეკლესიაში.”

    რომ გსურდეთ, მოძებნას რაღაუნდა, ჩემო მეგობარი. იმდენი წესიერი მოძღვარია. ნამდვილი, ოღონდ. პრობლემები მართლაცი არის და ამას არცვუარყოფ.

    სანამ თქვენ ამ წერილს დაწერდით, მანამდე, იმას რომ პრობლემები იყო სამღვდელოებაში, სასულიერო პირებიც ამბობდნენ:

    • vakhoQ
    • June 17th, 2013

    პირველი ის, რომ ჭინჭარი ვისაც ეჭირა, ეკლესიის წევრი რომ არ არის, თქვენც იცით. არამენ განკვეთილია ეკლესიის მიერ. ასე რომ ცილს ნუ სწამებთ. თუ ვინმე აგრესიული იყო აქციაზე, სასულიერო პირი, არც მათი ქმედებაა გამართლებული , ესეც იცით. და არც ის ქმედებაა გამართლებული როდესაც, ერთი ადამიანის გამო მთლიან ეკლესიას ჩირქს სცხებთ. და მოწოდება , ხალხისა, ჯერ ერთი, იყო ის, რომ მშვიდობიანად ყოფილიყო ყველა. სასულიერო პირების უმრავლესობა ხალხს ამშვიდებდა, მაგრამ ეს არ დაგინახავთ თქვენ.

    თქვენს მეოთხე ამავზე პასუხი: დავიწყოთ იმით, რომ ეკლესია ღმერთ–კაცობრივი ორგამიზმია. ეკლესია არის ერთი. ცალკეული მღვდელი, ან ტაძარი არ არის ეკლესია. ეს იმისთვის გითხარით რომ არ გააიგივოთ ერთი კონკრეტული მღვდელი, მთლიან ეკლესიასთან.

    პირველი, ეკლესიის ან მღვდილს უცდომელობას მართმადიდებლობა არ ასწავლის. და მეორე, არც არავინ ამბობს რომ ეკლესია უცდომელია. ამის დასტურად შემიძლია მოვიყვანო ის ფაქრები, როდესაც მრავალჯერ უთქვამს ეკლესიას, სასულიერო პირებს, რომ ასა თუ ის ქმედება იყო არასწორი. უფრო მეტიც კონკრეტულ სასულიერო პირებს, ბოდიშიც კი მოუხდიათ, რაიმე უნებლიე ტერმინოლოგიურ შეცდომაზე. და კიდევ უფრო მეტიც, თუ ვინმე ქადაგებს არასწორედ, ეკლესიაში არსებობენ ყოველთვის სასულიერო პირები, რომლებიც ამა თუ იმ ქმედებას გმობენ.

    გასაგებია, თქვენ პრობლემებზე საუბრობთ, რაც გარკვეულ ადგილებში მართლაც არის, თუმცა ამავდროულად მახსენდება პაცლე მოციქულის ეპისტოლედან სიტყვები, შურით გშირთ, მაგრამ არა მეცნიერებითო. ამა თუ იმ პრობლემას დაძლევა ჭირდება, და მადლობა ღმერთს, არიან სასულიერო პირები, რომლებიც მართლაც სწორ გზაზე აყენებენ მრევლს. თქვენ კი, რაიმე არასწორი თუ დაინახეთ, მთლიან ეკლესიას სცხებთ ჩირქს. ჩირქს ელკესიას რომ სცხებთ, ყველა სასულიერო პირს სცხებთ ამ შემთვევაში. თქვენ სურათზე, გამოსახეთ მამა თეოდორე გიგნაძეც. არ გინახავთ რას ქადაგებდა თუნდაც ტექნიკურ საშვალებებზე, როგორ ქადაგებდა თუნდაც თქვენს მიერ ნახსენებ ტექნიკურ საშვალებებზე? ან გახსოვსთ მისი ქადაგებებიდან, ოდესმე აეკრძალა ვინმესთვის გინდა ID ბარათის არ აღება, გინდა ტელეფოინს გადაგდება? და ასეთები ბევრნი არიან, თქვენ კი ცილის მწამებელი გამოდიხართ. მაშინ მოდით და დამისახელეთ მიზეზი რატომაა გამოსახული. თუმცა მე ვიცი მიზეზი – ბოღმა გაქვთ მთლიან ეკლესიაზე. თქვენ ეკლესიაზე როდესაც საუბრობთ, ყველა მოძღვარს მოისაზრებთ. ასევე მამა ლევან მათეშვილსაც – გასაგებია, ახლა ვსაუბრობ იმ მოძღვრებზე, რომელთა ქადაგებებიც იდება ინტერნეტში, და რომელსაც ინცობს მრევლი. გიყურებიათ თუნდაც ID ბარათებზე მისი ლექცია? როგორც ეცინება 666 სადმი მრევლის დამოკიდებულებებზე.

    ცნობისათვის, ჩემთვის მხეცის ნიშანი შუბლზე, არის ცნობიერების შეცვლა ადამიანში, და არა ჩიპი. და საინტერესოა , ნეტავი ვინები იგულისხმებიან, ხომ არ გიფიქრიათ? ეკლესია რომ გიყვარდეთ, თქვენი კომენტარები სხვანაერი იქნებოდა.

    მე არც იმას ვამბობს რომ როდესაც რაიმე არასწორ საქციელს დაინაღავ მღვდლისას არ უნდა თქვა, თვალი უნდა დახუჭო. არა, არა. მაგრამ, არც ყველას უნდა მოსცხოთ ჩირქი და არ უნდა დასწამოთ რაიმე ტყუილად.

    იოანე ოქროპირის დროს, იცით , რა ხდებოდა სამღვდელოებაში. მაგრამ იყო ოქროპირი, და იყვნენ ოქროპირის ნაირებიც. მოდით, იმ ჟამინდელ ეკლესიას მაშინ ბნელეთი ვუწოდოთ. რას ფიქრობთ სწორი იქნება?

    რაც შეეხება განკითხვას. არ განიკითხოო, უფალი გეუბნება ჯერ ერთი. მაგრამ ამას სწორი გაგება ჭირდება. ეს იმას არ ნიშნავს რომ თვალი დახუჭო. ვინმეს თუ ამასთან დაკავშირებით არასწორი დამოკიდებულება აქვს, არიან სასულიერი პირები, ორმლების სწორად უყურებენ ამ შემთხვევასაც.

  1. mec eg unda metqva:მეგობარმა ბრძენმა ქალმა რომ წიგნი მოგცა ეგ სოკრატე კი არა პლატონი იყო.სოკრატეს შესახებ ის წერს, თვითონ სოკრატეს არცერთ ტექსტს ჩვენამდე არ მოუღწევია. saertod ganatleba dzalian mnishvnelovania iset sakitxshii rogoric rcmenaa, da ai mand ar unda aichre, inteleqti exmaareba adamians migebuli informacia gaaanalizos, tore sheileba 1000 cigni caikitxo da analitikur azrovnebaze sul ar dagetyos..

    eklesiuri me ar var, dogmebs ver veguebi, magram rcmena bevrad upro didi ramea vidre marto eklesiashi siaruli, da tan brmad mosiaruleebi verc cvdebian shinnaarss bolomde imisas rasac aketeben. me sxva midgoma maqvs, ver avxsni aq, magram eklesia aris is adgili, sadac dadebiti energetikaa,aseve nakurtxi cyalic shmadgenlobit xom upro ‘suftaa’ vidre chveulebrivi, amitom bevr rames aqvs axsna da ar aris marto mitebze damyarebuli da es ar ician ,’vitom ateistebma’ anu modas ayolilebma, dzalian bevria egre, da is tineijeri bavshvebic, page ebs ro qmnian sarkazmuls scored esetebi arian, mat grma codna rom ar aqvt eset movlebnebze xo ashkaraa..

    • davit pirveli
    • June 9th, 2013

    ლიბერალი თავს გვაცოდებს?
    ეტყობა დედა ბრძენია უყვარხარ და არ იბრძვის.
    მეგობარმა ბრძენმა ქალმა რომ წიგნი მოგცა ეგ სოკრატე კი არა პლატონი იყო.სოკრატეს შესახებ ის წერს, თვითონ სოკრატეს არცერთ ტექსტს ჩვენამდე არ მოუღწევია.
    ბევრის ცოდნა მარტო ათეისტად ყოფნისათვის არ არის საჭირო, მორწმუნე რომ იყო ისევ იგივე მონაცემები დაგჭირდება.
    ვფიქრობ თქვენ ორივე ამ მიზეზით შეიძლება გაგიჭირდეთ.
    მოძღვარს, მეგობარს ყველა თავისთვის ირჩევს. მე ისეთი მოძღვარი ვიპოვე ყველა ჩემს კითხვას დღემდე პასუხს ცემს. პირველად ექვსი თვე ზედიზედ ყოველდღე ჩამოწერილი კითხვებით დავდიოდი და ხანდახან სამ ოთხ საათს მითმობდა. წიგნებს მთხოვნიდა თუ თვითონ პასუხს ვერ მცემდა სხვასთან მაგზავნიდა. ერთი საზომით ყველას ვერ გაზომავ.
    შეიძლება ორ სამ, მღვდელს ეშლებოდეს ხანდახან, მაგრამ ისეთი რომ მოგისმენს და გიპასუხებს უფრო ბევრია.
    თუ კითხვებზე ვინმე ვერ გპასუხობს და ინტერესი გაქვც, დღეს უამრავი ლიტერატურაა ხელმისაწვდომი, აუცილებელი არ არის მეგობარ გოგოს დაელოდო.
    ოჯახში გაგიმართლა გილოცავ .დედას რომ ყველანაირი უყვარხარ, ყველაზე მეტად ეს მომეწონა, ქრისტიანობაც ეს არის და ადამიანობაც.
    კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ ათეისტის მსოფლმხედველობაში სიყვარული მაინცდამაინ ცენტრალურ ადგილს არ იკავებს.
    ა-თეიზმი ღმერთის უარყოფაა.
    ღმერთი სიყვარყლია.
    ათეისტი კი უღმერთოდაც კარგად გრძნობს თავს.

  2. კითხვების ქონის და მასზე პასუხების მოთხოვნის უფლება ყველას გვაქვს! http://wp.me/p1EVoZ-sF – ეს ჩემი პოსტი რაღაცით პასუხობს შენს პოსტს, ამავდროულად რადგან ძალადობაზე არაფერი მიწერია, აქვე დავწერ. ძალადობა ნებისმიერის მხრიდან ნებისმიერის მიმართ დაუშვებელი, გაუმართლებელი და დასჯადია! სრულყოფილი არავინაა, თუმცა დამიჯერე საამაყოც და ღირსეული წარმომადგენლებიც ყავს ეკლესიას.😉 და ისეთებიც რომლებიც ისეთს მიგიღებენ როგორიც ხარ და თავს არ აარიდებენ პასუხებს. დანარჩენი პოსტში მიწერია, უბრალოდ ნუ განაზოგადებ!😉
    პ.ს.ID ბარათი მეც მაქვს. ჩემგან უხერხულია, მაგრამ ნამდვილი რწმენა გარეგნული, მიწიერი, ნორმინებული ქცევათა ერთობლიობა არაა. ის ერთგვარი სული მოთხოვნილებაა. იმედია დადგება დრო, როცა არცერთ მოძღვარს არ დაეზარება კითხვებზე პასუხი და თუ ყველა არა უმეტესი მაინც განათლებული იქნება.

  3. დემე, მიხარია რომ აღმოგაჩინეთ🙂 უფალმა ჩაგიხუტათ, რაც მთავარია.. ანაფორიანსაც გამოგიჩენთ.

    • mwvane
    • June 9th, 2013

    მომეწონა… კარგად წერ და რაც მთავარია კარგად აზროვნებ🙂

  4. 🙂

  5. კაია რომ შენნაირი ადამიანები არსებობენ. დღეს უბრალოდ არარელიგიური ხალხის პრობლემა ის არის რომ ცოტანი ვართ და ხმამაღლა არ ვსაუბრობთ. რაც მეტნი ვიქნებით და ხმამაღლა ვისაუბრებთ, უფრო მეტად მოგვისმენენ და გვცემენ პატივს. ჰოდა მერე შენი დაც იამაყებს ამით, უფრო უფროსი დაც, დედაც და მამაც. და არა მარტო იტყვიან, არამედ დაგაფასებენ!
    ასე რომ, ნუ გადაყვები დარდს და ყოველთვის თქვი სათქმელი. ამით შენ გაამრავლებ პუბლიკას.

  6. ყოჩაღ დემე! ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და დამაფიქრა საკმაოდ ბევრ რამეზე…
    მოკლედ, იცი რა როგორ მიაჯაჭვო ადამიანი ეკრანს!🙂

    • მადლობა დიტო.
      შენ ჩემზე ნიჭიერო😉

  7. რაღაც ჩამწყდა გულის სიღრმეში -_-

  8. deme… mixaria, rom gicnob…🙂

    • ყველაზე დიდი კომპლიმენტია :* უღრმესი მადლობა😉

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: