წყვდიადში – ოსკარის ნომინაცია და BIAFF გრან–პრი

ჩვენ ვკვდებით დღითიდღე – უაზრობაა აბების ყლაპვა. ჩვენ ვთხრით მიწას, თანაც – ცხვირით. ჩვენ ვიმალებით კანალიზაციის მილებში და ხმას ვერ ვაწვდენთ ადამიანებს, ვინც დღემდე ვირთხებს გვეძახიან. ხანდახან არც გაერთიანება გვშველის და ვერც კეთილშობილი ლიდერები ახერხებენ ყველას გადარჩენას. ჩვენ გავრბივართ ჩვენნაირებისაგან, ვცდილობთ ვიპოვოთ გზა მზისაკენ, თუმცა სიბნელეში მარტონი ვიკარგებით, თანაც ისე, რომ გადარჩენის შანსსაც აღარ ვუტოვებთ საკუთარ თავს. ალბათ, ვნანობთ შემდეგ. ან – არც. თუმცა, ვიხოცებით ისე, როგორც ძაღლები მიუსაფარნი და აუცრელნი. გამუდმებით ვცდილობთ მოვისყიდოთ, თავი შევაცოდოთ, ინტრიგა ჩავხლართოთ, ყველა გავწიროთ თავის გადასარჩენად, მაგრამ არაფერი გვშველის. მხოლოდ ერთეულები თუ გადავრჩებით ისიც თხემით ტერფამდე ფეკალიებში ამოვლებულნი, თანაც კარგად – ბებოს ჩურჩხელასავით. შემდეგ ვეღარავის ვუმტკიცებთ, რომ ყვავილები ვართ, ჩვენ ხომ აღარ აგვდის საამური სურნელი, როგორც ახლადდაბადებულებს. გავურბივართ სიბნელეს და სხივები თვალს გვჭრის. იქნებ ღირდა კიდეც ბოლომდე დავრჩენილიყავით წყვდიადში…

In Darkness

ბათუმის საავტორო კინოს მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალზე (BIAFF) უკვე ოთხი დღეა რაც ვარ. დარწმუნებული ვიყავი, რომ აქ ვიპოვიდი კინოს, რომელსაც ვერასოდეს მივაგნებდი გუგლში ძებნით შუაღამისას, როდესაც საშინლად მეძინება და ვერ ვხვდები რას უნდა ველოდო სიზმარში – თითქოს მეშინია ტვინის ღამეული რხევებისა და ვცდილობ, სიფხიზლის დრო მაქსიმალურად გავახანგრძლივო.

არ დაგიმალავთ, და გეტყვით: ბევრ სეანსს დავესწარი, საიდანაც არცთუ აღფრთოვანებული, დაღლილი ან/და იმედგაცრუებული გამოვედი. თუმცა ფილმი, რომელზეც ახლა მინდა მოგიყვეთ, არათუ მოლოდინებს აჭარბებს საკუთარი სიკარგით, არამედ, ბევრად მირთულებს ჩემს მეხსიერებაში საუკეთესო სურათის ძებნის პროცესს. უფრო მარტივად რომ ვთქვა, მე ვნახე ფილმი, რომელმაც ჩემი ფავორიტების ფრიად მაღალ ეშელონებში დაიკავა ადგილი.

ფილმმა “წყვდიადში” 2012 წელს ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი სურათის ნომინაცია მოიპოვა!

In Darkness პოლონური ფილმია, რომელიც რეჟისორმა აგნეშკა ჰოლანდმა 2011 წელს გადაიღო. ისტორია მოგვითხრობს გერმანელი ფაშისტების მიერ ოკუპირებულ ლვოვზე, სადაც პოლონელ ებრაელებს გადარჩენისათვის ყველა ფორმით უწევთ ბრძოლა. დინამიური სცენები და საინტერესო სცენარი მაყურებელს არ აძლევს იმის უფლებას, რომ ერთი წამით მაინც გაიფიქროს – „აღარ მინდა“. სიუჟეტის მთავარი გმირი კანალიზაციაში მომუშავე (შეთავსებით, ჯიბის ქურდი) ლეოპოლდ სოჩაა, რომელიც ერთ დღეს შემთხვევით წააწყდება გეტოდან დიდი გაქცევის ორგანიზატორ ებრაელებს. ფულის შოვნის საუკეთესო შანსი უვარდება სოჩას. იცის, თავშენახულ ურიებს ბევრი ოქრო ექნებათ სადღაც გადანახული. იმდენი, რომ მის ოჯახს სიცოცხლის ბოლომდე ეყოფა. ალბათ, თვალწინ წარმოუდგა კომფორტული სახლი, მოფუსფუსე მოსამსახურეებითა და ბედნიერი ცოლ–შვილით. იფიქრა, სამუდამოდ დავივიწყებო ფეკალიების სუნს. რეზინის ბოტებს გავიხდი და ნამდვილი ჯენტლმენივით ვიცხოვრებო. ებრაელების თავისუფლების ფასი ციფრებით ისახება და იწყება დიდი გაპარვა კანალიზაციის მილებით.

მხიბლავენ ისტორიები, სადაც ავტორები ყველაფერს გვიყვებიან. სადაც არ იგრძნობა ვინ არის კარგი და ვინ – ცუდი. ამ 143 წუთში, როდესაც ეკრანს მიჯაჭვულნი შთამბეჭდავი კადრების მიმოცვლას თვალს ვერ წყვეტთ, გაიცნობთ კარგ ებრაელებს – ცუდებსაც. ფაშისტებშიც არიან კარგები – ცუდებს რა გამოლევთ. პოლონელი კათოლიკებიც ღელავენ და გული შესტკივათ ადამიანებზე, ვისაც გერმანელები ხოცავენ, თანაც არცთუ თბილსისხლიანად. ლეოპოლდ სოჩაც კარგი პოლონელია. მერე რა, რომ ქურდობს, ყაჩაღობს კიდეც ხანდახან და ტყუილსა და მცირე აფიორებსაც არ ერიდება. საინტერესო და მისთვის დამაკმაყოფილებელი ცხოვრება პრობლემებით მაშინ ივსება, როდესაც ხვდება, რომ ებრაელებს ფულის სანაცვლოდ სულაც არ ეხმარება. ის უბრალოდ ძალიან კეთილშობილია იმისათვის, რომ სხვის უბედურებაზე აიწყოს ცხოვრება. კარგავს ოჯახს, საუკეთესო მეგობარს, საზოგადოებრივ სტატუსს მხოლოდ იმისათვის, რომ კანალიზაციაში გადამალულ ადამიანების ჯგუფს სიცოცხლის გადარჩენაში დაეხმაროს.

თოთხმეტი თვე, ბევრი ინტრიგა, ცრემლი, სიცივე, შიში, სიბინძურე და ბრძოლა გადააქვს ებრაელების ჯგუფს, რომელსაც ყოველდღიურად ეცლებათ ადამიანები. ზოგი კვდება, ზოგი გარბის, ზოგი იკარგება. სოჩა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მათ დაეხმაროს, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, კანალიზაციის ტყვეები მისი მადლობლებიც არ არიან…

არ მინდა ფილმის შინაარსი დეტალურად მოგიყვეთ, რათა თქვენც მიიღოთ ის სიამოვნება, რაც ამ სურათში მრავლად გაფანტული მოულოდნელი პასაჟები იწვევს. როგორც კი მოახერხებთ: იშოვით დისკს, გადმოწერთ ინტერნეტიდან თუ მეგობარს ეთხოვებით ჩანაწერს, ჩაუჯექით In Darkness–ს და ისიამოვნეთ უმაღლესი პილოტაჟის სარეჟისორო ნამუშევრით, არაჩვეულებრივი სამსახიობო ჯგუფით და ნახეთ, როგორები ვართ ადამიანები ექსტრემალურ სიტუაციაში.

ფილმის საბოლოო აკორდი ბანალური ფინალია, რომლის გადაღების ტექნიკამ და ეკრანიდან გადმოსულმა ემოციამ იმდენად აღმაფრთოვანა, რომ ცრემლები ვეღარ შვეიკავე. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ასეთი ერთადერთი არ ვიყავი. იმ საღამოს ბევრი ქაღალდის ცხვირსახოცი გაიყიდა ბათუმში…

  1. წამყვანი: რატომ, წარსულის გახსენება ყოველთვის კარგია იმისათვის რომ იქ დაბრუნება არ მოგინდეს.

  1. September 21st, 2012

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: