ფერადი სიზმრები და ქართული პოლიტიკა

არაჩვეულებრივი ადამიანია ინგა გურგენაძე. ჩემი თანამშრომელია – მუდამ ხალისიანი და პოზიტიური. არ მახსოვს ოდესმე მოღუშული ან/და ცუდ ხასიათზე მენახოს. არც კი იცის, როგორ მშურს მისი. მიკვირს კიდეც, როგორ ახერხებს პირადი პრობლემების ასე გვერდით გადადებას მაშინ, როდესაც სხვა ადამიანებთან აქვს ურთიერთობა. ბანალური ჟურნალისტივით არასოდეს მიკითხავს, რაიმე კურიოზს ხომ ვერ გაიხსენებდა (ისედაც სულ იხსენებს ხოლმე) და რა არის მისი განწყობის საიდუმლო, თუმცა ერთხელ ლაპარაკს მოყვა და მითხრა, გაზეთებში მხოლოდ ანეკდოტებს ვკითხულობ და საინფორმაციო გამოშვებების დასაწყისებს (აი, სულ მკვლელობებსა და უბედურებებზე რომ აქვთ სიუჟეტები) არ ვუყურებო.

მიყვარს ხოლმე იმ ადამიანების მიბაძვა, რომლებთანაც ურთიერთობა ძალიან მსიამოვნებს და მეკომფორტულება. შესაბამისად, გადავწყვიტე ზუსტად 1 კვირით გამეზიარებინა ინგას გამოცდილება და აქტიურად დავიწყე ანეკდოტების კითხვა, მართალია, ჩემს ”უბადლო” გემოვნებას ბევრი მათგანი დიდად არ ეპიტნავა, თუმცა, დღეში რამოდენიმე ათეული ღიმილი მაინც გარანტირებული მაქვს, თუნდაც დრომოჭმული მახვილსიტყვაობის გახსენებით (აი, დაახლოებით ოთხმოცდაცხრამეტი ხინკლის ისტორიის მსგავსით). თავიდან რთულია, როგორც დიეტა. ძნელია არ უყურო მყვირალა სათაურიან ვიდეოებს, არ მოისმინო სკანდალური ამბები, რომლებზეც მთელი ქალაქი საუბრობს და არ გადახვიდე ფეისბუკზე ამომხტარ ლინკებზე, რომელიც შენი მეგობრების ნახევარმა უკვე დააშეარა. თუმცა, მოთმინებითა ჩემითა სასურველი შედეგისაკენ ნელ-ნელა ვილტვი.

ბედნიერებამდე ჯერ კიდევ შორსაა. ამ გახურებული წინასაარჩევნო პერიოდში ადამიანები ჩემს გარშემო განსაკუთრებით დაძაბულები და აჟიტირებულები არიან. გადაწყვეტით ვერავინ ამბობს, ვინ გაიმარჯვებს ბრძოლაში. შესაბამისად ზოგი გაშმაგებით იცავს თავის პოლიტიკურ სიმპათიას, ზოგი კი ცდილობს ლოგიკური ჯაჭვით გადააბას მიმდინარე მოვლენები და იმ ძალას დაუდგეს გვერდით, ვინც მისი სოციალური თუ სხვა სტატუსის შენარჩუნება/გაუმჯობესების გარანტი იქნება. ჩემი პოლიტიკური ხედვების გამოაშკარავებისკენ უკვე დიდი ხანია თავს ვიკავებ, თუმცა ჩემს ოჯახსა და სამეგობრო წრეში ზუსტად იციან, რომელ ნომერს შემოვხაზავ საარჩევნო ბიულეტენზე. საბედნიეროდ, იდეური მხარდამჭერები ბევრი მყავს გვერდით, თუმცა, მოწინააღმდეგეებიც არ მაკლია. საკმარისია ერთი წინადადება ვთქვა პოლიტიკური კონტექსტით, რომ აგორდება ხშირად თითიდან და იშვიათად სხეულის სხვა ნაწილებიდან გამოწოვილი არგუმენტების ტალღა, რომელიც ცეცხლოვანი ისრებივით მიტევენ. მე კი მიწევს მათგან თავი დავიცვა ანდა საპასუხო ცეცხლი გავხსნა, რომელიც მოწინააღმდეგეების სქელ შუბლზე უმიზნოდ იხარჯება.

ასეთ მომენტებში მახსენდება ხოლმე ინგა. ჩემი თანამშრომელი, რომელზეც დასაწყისში მოგიყევით. მისი ოთახი განსაკუთრებული ვნებათაღელვის ადგილია ხოლმე. ადამიანები მის გვერდით ხშირად აფიქსირებენ საკუთარ შეხედულებებს. ხშირად ტონსაც უწევენ. ქუჩაში თუ საახლობლო წრეში გაგონილ ამბებს ყვებიან და საკუთარ თავს უმტკიცებენ, რომ მათ მიერ უკვე მიღებული გადაწყვეტილი უდავო ჭეშმარიტებაა. რთულია არ ჩაება ასეთ საუბარში. რთულია აიცილო აზრები, რომლებიც შენს შეხედულებებს აშკარად ეწინააღმდეგებიან. თუმცა, მიხვდით უკვე ალბათ: ინგა მაგარი გოგოა. მან იცის, როგორ უნდა იმუშაოს, ისიც იცის, რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ცხოვრება არ გაირთულოს. ღიმილით უსმენს ხოლმე გაწიწმატებულ თანამშრომლებს და კონტექსტის შესაბამისად ისეთ ამბებს ჩაურთავს ხოლმე, ყველანი სიცილით იხოცებიან. მინდა ვგავდე მას.

ამ ბოლო დროს ფერადი სიზმრების ნახვა დავიწყე. ამბობენ, სიგიჟის სიმპტომიაო, მაგრამ მე არ მჯერა. გნებავთ გაოცდით, გნებავთ გაოცდაათდით, მაგრამ ხშირად სიზმრებს საუნდტრეკებიც კი აქვს. მიხარია ხოლმე, როცა ვგრძნობ, რომ ჩამეძინა. ესეიგი სეანსი მალე დაიწყება, და თუ ღამით არაფერმა შემაწუხა რამოდენიმე სიუჟეტს სრულად ვნახულობ ხოლმე. ალბათ არ ვარ გიჟი. ჯერ სხვა უცნაური არაფერი გამომივლენია. ღამის სიცილ – ხარხარის შესახებაც იციან ჩემმა მეგობრებმა. მიხარია, რომ ამ პერიოდში მაინც ვარ თავისუფალი ყოველგვარი ნეგატივისგან. თუმცა ადრე ასე არ იყო. ყველა სიზმარი მკვლელობებით, ტანჯვა-წამებითა და მაღალსართულიანი შენობებიდან გადმოხტომით იწყებოდა-მთავრდებოდა. ახლა ანეკდოტებს ვკითხულობ, საინფორმაციო გამოშვებების დასაწყისებს არ ვუყურებ და ნელ-ნელა ვრწმუნდები: ალბათ ინგაც ფერად სიზმრებს ნახულობს.

  1. დემეტრე,შენ გენაცვალე მე!!!ღიმილი იწვევს ნდობას,ნდობა სითბოს,სითბო სურვილს,სურვილი სიყვარულს,სიყვარული პატივისცემას და ეს ყველაფერი….ჩვენ,რომ ქვია იმას.ხოდა რაც უფრო ბევრი ჩვენ ვიქნებით სიზმრებიც გალაღდება და სიცხადეც!!შექმენი პარტია “დეიბღვირე გეიწიწ,გეიღიმე მეიწიე” და ვიქნები შენი პარტიის აქტივისტი.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: