ევროვიზია 2012 – ნიჟე და გავიხიშტე :(

ევროვიზია 2013 საქართველოში ნამდვილად არ ჩატარდება – ასეთი დარწმუნებით იმის მტკიცებაც კი არ შემიძლია, რომ მე ნამდვილად მე ვარ. შეიძლება ნაშვილები ვარ და მიმალავენ, ანდა სამშობიაროში ექთანს ახალშობილების ფეხზე მისაბმელი მაიდეტიფიცირებელი ნომრები აერია. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ვერასოდეს ვერავინ იტყვის დარწმუნებით რამეს, მაგრამ «ქართველი ჯოკერი» რომ ევროპას წელს ვერ დაიპყრობს ეს, უბრალოდ, ჭეშმარიტებაა.

ევროვიზიის შიდაშესარჩევი ტური რომ გამოცხადდა, ველოდი რომ ქართველი მუსიკოსები ძალას არ დაიშურებდნენ ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ კონკურსზე მოსახვედრად. პირველად მაშინ გავოგნდი, როდესაც გავიგე, რომ პროექტში მონაწილეობის სურვილი სულ ცამეტმა მუსიკოსმა თუ ჯგუფმა გამოთქვა. მეორედ მაშინ გავოგნდი, როდესაც შიდაშესარჩევი ტურის ფინალს ვუყურე. მესამედ კი მაშინ – როდესაც გამარჯვებული გამოაცხადეს.

გნებავთ, შემიძლია დავიწყო საუბარი იმაზე, რომ ანრი ჯოხაძე ძალიან კარგი მომღერალია, რომ მისნაირი ვოკალური მონაცემები თითზე ჩამოსათვლელ ადამიანს თუ აქვს საქართველოში. ისიც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ანრის აქვს იმის პოტენციალი, რომ დაიპყროს არა მხოლოდ «ევროვიზია», არამედ ნებისმიერი სხვა მსოფლიო დონის მუსიკალური კონკურსი. თუმცა ის ნამდვილად ვერ გახდა ჯოკერი, რომელიც ევროპის სხვა ქვეყნებს ვიშ კოზირებს მოსთხოვს.

იმედი მქონდა იხუმრა, როდესაც საუნდქლაუდზე ატვირთული საკონკურსო სიმღერა პირწიგნაკზე გაგვიზიარა და გვთხოვა, კვირას, საღამოს შვიდის ნახევარზე «პირველი არხის» ეთერისათვის გვეყურებინა და მისთვის გვეგულშემატკივრა. მაშინვე გადავათვალიერე ევროვიზიის ქართული გვერდი. სამწუხაროდ, იმ დღეს სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში მოვხვდი, რადგან საკონკურსო სიმღერების სია და აუდიო-ვერსიები ვერსად ვიპოვე. იმედი მაშინვე გაქარწყლდა, როდესაც თემო კვირკველიამ კონცერტის დასასრულს ანრი ჯოხაძე სიმღერით «I’m A Joker» გამოაცხადა. პირველი, რაც თავში და თვალში მომხვდა, თეთრი ბაფთა იყო, რომელიც მომღერალს შიშველ ყელზე ეკეთა. ზოგადად, ასეთი აქსესუარი პატარა ხრიკია სექსუალურობის დონის ასამაღლებლად, მაგრამ ბაფთასთან ერთად 90-იანების ბოლოს გავრცელებული ვარცხნილობა, რომელიც ბევრ ბრიოლინსა და მარჯვენა საფეთქელთან აპარსულ თმებს გულისხმობს, ერთობ სასაცილო მდგომარეობაში აყენებდა მომღერალს.

ანრის სიმღერები ყოველთვის გამორჩეულია მელოდიურობით, საინტერესო და რთულად შესასრულებელი პასაჟებით, კივილ-წივილებით და მუხტით, რომელიც მსმენელზე გადადის. თუმცა, ამ შემთხვევაში რა მოხდა – ვერ გეტყვით. სიმღერის დასაწყისშივე თავი კარაოკე წვეულებაზე წარმოვიდგინე, სადაც ყველაზე მარტივ მელოდიებს არჩევენ იმისათვის, რომ ჩემნაირმა ჩაინიკებმა ცუდი ვოკალური მონაცემებით ნამეტნავად არ შეაწუხონ დამსწრე საზოგადოება. რაც შეეხება ტექსტს… ოოო… ეს ცალკე საკითხია. ვრცელ სჯა ბაასსა და საზოგადოებრივ დისკუსიებს მოითხოვს. ეს არის ერთმანეთზე მიწყობილი გარითმული ker / cker დაბოლოებებით გადაბმული სიტყვები, საიდანაც, დაუკვირით როგორც გსურთ, მაგრამ აზრს ვერ გამოიტანთ. აქვე სიტყვათაშეთანხმება forever and ever, რომელიც, რატომღაც, ყველა ქართულ ინგლისურენოვან სიმღერაშია და მცირე მინიშნებებიც იმასთან დაკავშირებით, რომ სიმღერის ავტორს ძალიან მოსწონს «I Say A Little Prayer”. ამას ემატება საოცარი აქცენტით ნამღერი ინგლისური და შედეგად ვიღებთ ჩემს მთვრალ დაქალებს, რომლებიც მთვრალ კონდიციაში ცდილობენ იმღერონ: «ელ – იზ ფორ დე ვეი იუ ლუქ ეთ მი… ოუ – იზ ზე ონლი ვან აი სი…»

კონცერტის ვიდეო-ჩანაწერი ძალიან მალე აიტვირთა YouTube-ზე და, როგორც ველოდი, dislike-ების კორიანტელი წამოვიდა. ევროპელი იუზერები კომენტარებსაც არ იშურებენ. დადებითი შინაარსის მხოლოდ ორ კომენტარს წავაწყდი. იყო რამდენიმე ნეიტრალურიც. თუმცა უმეტესობა ასე გემოიყურება: “0 Points from SERBIA Sorry!!”, “This is a Big Joke from Georgia !!!”, “Big fat 0 point…..”, “0 points from Spain, I’m sorry”, “0 points from Greece, too!!! i really sorry!!!”, “0 Points from Spain sorry! :(“ და მისთანები.

რაც შეეხება ოპტიმისტურად განწყობილ იუზერებს, ისინი იმედოვნებენ, რომ ამ სიმღერას კარგი არანჟირება გაუკეთდება; საინტერესო, სახალისო კლიპს გადაიღებენ; ანრის გამოთქმასაც დახვეწენ ამ ორი თვის განმავლობაში და ყველაფერი კარგად იქნება. სამწუხაროდ, მე მათ რიცხვს ვერ ვეკუთვნი. არადა როგორ მინდა ვცდებოდე. როგორ მინდა, რომ 2013-ში ყველანი თბილისში ჩამოვიდნენ და, სავარაუდოდ, იპოდრომზე აშენებული ერთჯერადი უზარმაზარი სცენიდან ქართველი წამყვანიც მიესალმოს ევროპას. თუმცა ოპტიმიზმი რეალიზმს საგრძნობლად ეწინააღმდეგება. ევროვიზია 2013 საქართველოში ნამდვილად არ ჩატარდება – ასეთი დარწმუნებით იმის მტკიცებაც კი არ შემიძლია, რომ მე ნამდვილად მე ვარ.

  1. აჯობებს საონკურსოდ სიმღერა შეცვალონ ამის შესაძლებლობას მგონი ევროვიზია იძლევა. ეს სიმღერა სრული ფეილია ყველა სხვა სიმღერების ფონზეც კი .

  2. “ჭიდაობას რა უნდა”-ს მსგავსი მოტივები რომ არის სიმღერაში ჩართული, ესეც ხომ მის გენიალურობაზე მიუთითებს? საშინელებაა. უგემოვნო, უმელოდიო და უყველაფრო.

  3. “ევროვიზია 2013 საქართველოში ნამდვილად არ ჩატარდება” – ნამდვილად!😉

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: