მთელი პენსია წამართვეს, თოთხმეტივე ლარი – ბებოს ნაამბობი

ჩემი ამბავი მაშინ დაიწყო, როდესაც თბილისში შვილების სანახავად ჩამოვედი. „პაზიკები“ დადიოდნენ მაშინ. ერთმა ღვთისნიერმა ახალგაზრდამ დამინახა მოხუცი ქალი ფეხზე ვიდექი და რეზინაგადამძვრალ რკინის ბოძს ვეყრდნობოდი. მიჭირდა დგომა და ადგილი დამითმო. უკანა ოთხეულიდან კი შემრჩა სკამი, მაგრამ რას ვდარდობდი. ფეხები ცოტა ხნით მოვასვენე. ჩემს შვილიშვილებს უყვარდათ ბოლო სკამებზე ჯდომა. დანგრეულ გზებზე ავტობუსი უკანა ბორბლებს ძლიერად ურტყამდა. ასე ახტუნავებდა უკანალს და ბავშვებიც ერთობოდნენ. აბა, ატრაქციონის ფული სად ჰქონდათ ჩემს შვილებს. რომც ჰქონოდათ, სად იყო მაშინ ატრაქციონები. ერთი საღებავჩამორეცხილი გემი მუშაობდა მუშტაიდის ბაღში – იქ მიდიოდნენ თურმე მთელი კლასები შატალოზე. ზაფხულში კიდევ კარგი და ზამთარშიც იქ იყინებოდნენ. სკოლაში შეშის ფულს აგროვებინებდნენ ბავშვებს. ვინც ვერ იხდიდა ერიდებოდათ მისვლა და ასე ქუჩა–ქუჩა დაწანწალებდნენ გაკვეთილების დამთავრებამდე.

შორს წამიყვანა ფიქრებმა. ყველაფერი ისე მახსოვს. თითქოს ახლაც იმ „პაზიკში“ ვიჯდე.

უკვე წერეთლიდან „ნახალოვკისკენ“ აუხვია ავტობუსმა. ჯაყჯაყით მივდივართ. იმდენი ხალხი მადგას თავზე, სუნთქვა აღარ შემიძლია. რამდენიმე ორმოს გავუძელი, მაგრამ მეტრო „დიდუბესთან“ ერთი დიდი ამოტეხილი ასფალტი კიდევ მეგულებოდა – წინასწარ მოვემზადე. კარგად დავეყრდენი წინა სკამს, თუმცა დიდი ვერაფერი შველა გამოვიდა. ერთი ძლიერი ჩარტყმა და უკვე მგზავრებს შორის ვეგდე. ნიშადურის სუნმა გამომაფხიზლა. ყველაფერი წუოდა. რაღაცებს მეკითხებოდნენ, მაგრამ არაფერი მესმოდა. თავს ვუქნევდი, რომ ცოცხალი ვარ.

როგორც გავარკვიეთ, ტვინის ის ნაწილი, რომელიც სმენას უზრუნველყოფს, დაცემის დროს სერიოზულად დამზიანებია. ექიმმა ოპერაციააო გასაკეთებელი. სად უნდა ვიშოვო ამდენი ფული.

ჩემი გოგო მეტროს ამოსასვლელში დგას. ზამთარ–ზაფხულ პურს ყიდის. უკვე შეეჩვია სიცივესაც და სიცხესაც. ქმარი არ გამოადგა – ციხეში ჰყავს. ერთი შვილი სახლში ელოდება და მშიერი თავს იმით ინუგეშებს, რომ მალე დასრულდება ეს დრო და ისიც მალე დალევს დილით შაქრიან ჩაის.

ბიჭი უმუშევარი მყავს. ქალაქში ვერაფერი ნახა და სოფელში გააგრძელა მეურნეობა. სამი შვილი ჰყავს. ერთი სტუდენტი, ორი სკოლის მოსწავლე. მისი უფროსი გოგო ფარმაცევტულ ფაკულტეტზე სწავლობს. ორჯერ ჩაჭრეს გამომცდელებმა. დოლარები რომ ვერ ჩაუკუჭა მამამისმა ყველას სათითაოდ. ბოლოს არცოდნაში რომ ვეღარ გამოიჭირეს ფასიანზე დასვეს. 500 ლარი აქვს წელიწადში გადასახდელი. რა უნდა ქნას… მუშაობს. რაღაც საწყობში ფქვილს აფასოებს პაკეტებში. იმ ფულს სწავლისთვის აგროვებს. გზაშიც არ უნდა არაფრის დახარჯვა. რომც უნდოდეს, საღამოს ისეთი გათეთრებულია, რომ ერიდება ქუჩაში გამოსვლა. კარგად რომ დაღამდება გამოდის და „დინამოს“ სტადიონიდან ვეძისის დასახლებამდე ფეხით მიდის. როგორ არ ეშინია, ნეტავ. ყოველ ფეხის ნაბიჯზე ქურდები და მამაძაღლები არიან. ფულს ვერავის ართმევენ და ქურთუკებს ხდიან – ფეხსაცმელებსაც. თუმცა, ჩემებს ეგენიც რომ გახადონ, დიდად არაფერში გამოადგებათ. ისედაც სხვისი ნაქონები აცვიათ ჩემს შვილიშვილებს. პატარები სკოლაში სწავლობენ. იქნებ ისინი მაინც მოესწრონ იმ დროს, როცა ქუჩაში გასვლის აღარ შეეშინდებათ.

ცუდი დროა ცუდი. წყალი გრაფიკით – დენიც. გაზი?! მეკითხებიან ხოლმე ბავშვები, ეგ რა არისო… სახლში გაყვანილ მილებს რაღაცების მისაფენად თუ გამოვიყენებთ. „კერასინკაზე“ ვაცხელებთ ხოლმე საჭმელს. მერე რა სუნი დგება?! მთელი დღეები ღიაა ფანჯრები. ცივა. რომც დავკეტოთ – მაინც.

ისევ შემიყოლა ფიქრებმა. ახლა უკვე სოფელში ვარ. ცალი ყურში აღარაფერი მესმის. მეორეში შესული ბგერებით ვარკვევ რისი თქმა უნდათ გარშემომყოფებს. თბილისიდან წერილი ჩამომივიდა. ჩემი ბიჭის ჯარის ამხანაგი ყოფილა ექიმი. ჩემზე უთქვამს, ჩამოვიდეს და როგორც შემეძლება, დავეხმარებიო. მომიწევს ისევ „იკარუსზე“ დაჯდომა. ჭიათურიდან თბილისამდე შვიდი საათი უნდა მგზავრობას. ისიც იმ შემთხვევაში, თუ ავტობუსი არ გაფუჭდა. მაგრამ, სხვა რა გზაა. დილით ადრე ავდგები და იმედია საღამომდე ჩავალ ქალაქში. ყველი გავყიდე ცოტა. ქათმებიც. ცოტა ფული თანამშრომლებმა შემიგროვეს. ყველაფერი ერთად პარკში შევხვიე და შევინახე. ქალაქში გავივლი, იქნებ წინა წლის პენისია იყოს მოსული. ასე მეუბნებიან გაიყინაო. ვერაფრით გავარკვიე რას ნიშნავს „გაიყინა“ მაგრამ სად მაქვს ჩხუბის თავი. რაც ის პენსია უნდა ავიღო, მერე დამამშვიდებელ წამლებშიც არ მეყოფა.

ქალაქში გავიარე. მოსულაო და ფონდთან პენსიის მომლოდინე მოხუცების უშველებელი რიგი დამხვდა. ნაცნობი ქალი შემხვდა. ვილაპარაკეთ კარგა ხანს და, როგორც იქნა, ჩვენი დროც მოვიდა. ერთი თვისააო მითხრა მოლარემ. რას დავეძებდი. ავიღე თოთხმეტი ლარი და ავტოსადგურისკენ წავედი. ავტობუსი უკვე იდგა. ცალკე გადადებული ფულით ბილეთი ვიყიდე და ავედი. ფანჯრისკენ არ მომიწია. სკამის სახელური არ მაგრდებოდა. დაბლა იყო დაშვერილი. შესაბამისად, ვერც ვერაფერს ვეყრდნობოდი. ისევ ჯაყჯაყით გამოვედით ჭიათურიდან. უკვე მოსაღამოებული იყო, როდესაც გამომეღვიძა. უკვე ქარელში ვიყავით. ტრასას მხოლოდ მანქანების ფარები ანათებდა. ნელა დადიოდა მძღოლი. საფრთხეში არც თავს იგდებდა და არც ჩვენ გვაგვდებდა. სადღაც გორთან სამი ბიჭი ამოვიდა. თავიდანვე არ მომეწონენ. მართალია შავი ქურთუკები ამ დროში ყველას აცვია, მაგრამ ისინი მაინც სხვანაირად მოძრაობდნენ. ნელა გადადიოდნენ უკანა სკამებისკენ. გამჭოლი მზერით ათვალიერებდნენ მგზავრებს. უცებ, ყველამ ერთდროულად დანები ამოიღეს. ნუ იყვირებთო გვითხრეს, მილიცია მაინც არ დაგვიჭერს – ჩვენიანები არიანო. თავიდან მოყვნენ და სულმთლად გაასუფთავეს მგზავრების ჩანთები. ზოგს ფული წაართვეს, ზოგს ოქრო, თუ რამე ჰქონდათ. როცა მე მომიახლოვდნენ ასაკი შევატყე. შვილიშვილისხელა ბიჭები იყვნენ. ერთი კი ვთხოვე, შვილო, დღეს ავიღე პენსია, ნუ წამართმევთთქო. „ხმა ბებეროო…“ – ერთი შემომიბღვირა და ხელზე დანა დამისვა. სისხლი წამომივიდა, მაგრამ ეს მას არ ანაღვლებდა. ჩანთა გამომტაცა და საფულე გახსნა. მთელი პენსია წამართვეს, თოთხმეტივე ლარი. კიდევ კარგი მოვიფიქრე და სანამ წამოვიდოდი გაყიდული ყველის და სხვა შეგროვებული ფულიც საგულდაგულოდ გადავმალე. აბა, ვინ ჩაუძვრებოდა ბებერ ქალს ტრუსიკში. ბანდიტები მალევე ჩავიდნენ. ერთ მგზავრს არაყი აღმოაჩნდა. ხელზე გადამასხეს და ჭრილობა ცხვირსახოცით შემიხვიეს.

ნაიარევი ახლაც მეტყობა. ვზივარ და ვუყურებ თეთრ ზოლს ჩემს ხელზე. უკვე ღამის ორი საათია. ყველამ დაიძინა. მე ჩემს შვილიშვილს ველოდები. კლუბში მივდივარო – ბოლოს ეს თქვა სახლიდან გასვლამდე. დედამისს არ ეშინია. არც მას. პატრული მიცავსო ამბობს. ნუთუ მართლა აღარაა ის დრო. არაო, მეუბნებიან. 14 ლარს ახლა ბავშვები ერთ ჭიქა სასმელში ვიხდითო.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: