აკაკი გაჩეჩილაძე – სარდაფიდან ევროპამდე

«განსაკუთრებულად ჟღერადი ფერები», «სურეალიზმში გადაწყვეტილი მრავალფეროვანი თემატიკა», «ინდივიდუალურობა», «პოეტური სათაურები» – ამ ეპითეტებით ევროპელი კურატორები და ხელოვნებათმცოდნეები ქართველ მხატვარს ამკობენ.

აკაკი, იგივე კაკო გაჩეჩილაძე 40 წლისაა. მეუღლესთან და ორ ქალიშვილთან ერთად ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ თბილისურ ბინაში ცხოვრობს. სარდაფში ხატავს და ამბიციებისგან შორს დგას. ბავშვობიდან ქმნის. პლასტელინის ფიგურებიდან ტილოზე გადაინაცვლა. როგორც ამბობს, პიტერ პენის სინდრომი არ სჭირს – ბავშვობაში არაა ჩარჩენილი, თუმცა ცხოვრების ყველაზე ლამაზ ეტაპს დღემდე ნახატებში აცოცხლებს. ფერადოვნება, დადებითი ემოციები, დამთვალიერებელში დიდხანს ცქერის სურვილის გამოწვევა – მისი ნახატების მთავარი ღირსებაა. სახელოსნოში, რეი ჩარლზისა და ლუი არმსტრონგის ფოტოები აქვს გაკრული. მუსიკას გრძნობს და აფერადებს. შოპენს ქალაქს მოდებული ფორტეპიანოს კლავიატურით გადმოსცემს, უფრო თანამედროვეებზე კი წიგნებს წერს.

– არასოდეს მიფიქრია გამოფენაზე. ალბათ ამიტომაც თბილისში არავის ვიცნობ. არც კი ვიცი ვის უნდა მივმართო დახმარებისთვის. ადამიანების შეწუხებაც არ მიყვარს. არადა თვითონ არავინ მოვა ჩემს სარდაფში. წარმოიდგინეთ, რამდენი ნიჭიერი მხატვარი შეიძლება იყოს მხოლოდ თბილისში, რომელიც ჩემსავით, თავისთვის ხატავს. თუმცა, რეალურად ხელოვან ადამიანებს საკუთარი თავისთვის რეკლამის გაკეთება უჭირთ.

აქამდე მეგობრები და ოჯახის წევრები აკაკის შემოქმედების მთავარი შემფასებლები იყვნენ. სწორედ მეგობრის დახმარებით მიაღწია მისმა ნახატებმა გერმანიაში ცნობილი კურატორ, მონიკა შტერკიმდე. მაშინ, როდესაც სარდაფში კიდევ ერთი ნამუშევარი იქმნებოდა, მისი ავტორის ფოსტაში წარმატების მომტანი წერილი მოვიდა. გერმანიიდან წერდნენ. ქართველი მხატვრის შემოქმედებას ევროპული გზა სწორედ მაშინ გაეხსნა. პირველი გამოფენა ქალაქ მერბუშში შედგა. აკაკი გაჩეჩილაძის 33 ტილო ცნობილი ევროპელი თანამედროვე მხატვრების ნამუშევრებთან ერთად ერთ საგამოფენო სივრცეში მოხვდა.

– ყველაზე ემოციური მომენტი ჩემი პირველი გამოფენის მსვლელობისას იმ ადამიანების დანახვა იყო, რომლებიც ჩემს ნახატებთან იდგნენ, მიდიოდნენ, შემდეგ ისევ ბრუნდებოდნენ. მეკითხებოდნენ საიდან გაჩნდა იდეა, რა ჩანაფიქრია ამა თუ იმ ნახატში, რას ვგრძნობდი, როდესაც ვხატავდი. გამიხარდა, როდესაც შევატყვე, რომ უბრალო დამთვალიერებელი საკუთარ ტკივილსა თუ სიხარულს ჩემს ნახატებში ხედავდნენ. ამ ყველაფერმა დიდი სტიმული მომცა. მინდა დადებითი ემოციები ქართველ დამთვალიერებელშიც გამოვიწვიო, ამ ყველაფრისგან კი დიდ სიამოვნებას მივიღებ. თუმცა ქართულ გამოფენამდე კიდევ ბევრი დროა. ბევრი ჩანაფიქრი და სამუშაოა განსახორციელებელი.

დაინტერესება ქართველი მხატვრის მიმართ გერმანიაში პირველი გამოფენის შემდეგ გაჩნდა. პრესისგან მიღებული მაღალი შეფასებები და ხელოვნებათმცოდნეთა კომპლიმენტები მეორე ევროპული გამოფენის საწინდარი გახდა. ამჯერად აკაკი გაჩეჩილაძის ნამუშევრები ქალაქ დიუსელდორფში გამოფინეს. მასშტაბურ, რამდენიმეთვიან პროექტში ქართველი მხატვრის შემოქმედება, ერთ-ერთი საკვანძო რგოლია. «ადამიანი – შთაბეჭდილება – ემოცია» – ამ სახელწოდების ქვეშ გაერთიანებულ მხატვართა ნამუშევრების რაოდენობას, მისი ტილოების რაოდენობა ერთიორად აჭარბებს. ამის მიზეზი, შესრულების სტილი, მრავალფეროვნება და ემოციურობა გახდა. სწორედ ამ უკანასკნელს მიანიჭეს უპირატესობა გამოფენის ორგანიზატორებმა, ვინაიდან პროექტის იდეა სწორედ შთაბეჭდილებებსა და ემოციებზეა დაფუძნებული.
სექტემბრიდან კი ჰამბურგში მარზიარტის საერთაშორისო საგამოფენო დარბაზი აკაკი გაჩეჩილაძის უკვე რიგით მესამე გამოფენას უმასპინძლებს.

ქართველი მხატვრის ნამუშევრები ევროპულ კულტურულ სივრცეში ერთ თვეს დარჩება. შემდეგ კი კერძო კოლექციონერების საკუთრება გახდება. მანამდე კი ერთი ჩვეულებრივი, თბილისური სახლის სარდაფში კიდევ არაერთი ტილო გაფერადდება ხალასი, მრავალფეროვანი შტრიხებით, რომელთაც, იმედია, ევროპული საზოგადოების მსგავსად, ქართველი დამთვალიერებელიც გაიცნობს და დააფასებს.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: